ევროპული კანონმდებლობა vs. მორწმუნეთა გრძნობები

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების და დამატების შესახებ”, რომელიც „მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფისგან დაიცავს“.

კანონის პროექტის ავტორი გახლავთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი, ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი.

მეტად საინტერესო განმარტებითი ბარათი აქვს კანონპროექტს, სადაც „დაწვრილებითაა“ აღწერილი (მცირეოდენი გრამატიკული შეცდომ(ებ)ით) კანონის მიღების საფუძველი. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ კანონი მისაღებია, რადგან „[…]ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ…“, „[…]ინტერნეტ სივრცეში (სოციალურ ქსელში) შექმნილია რამოდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა…“, „[…]ხოლო სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე“.

(NB. ცილი რომ არ დამწამონ გაყალბებაში, ავღნიშნავ, ბრჭყალებში მოცემული წინადადებები დედანიდან სიტყვასიტყვითაა გადმოწერილი).

საოცრად აწყობილ მოხსენებით ბარათში, Mr. EBRD-სა და ბ-ნ ტომარაძეს  მოხმობილი აქვთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსების მუხლები, რომელიც მსგავს ქმედებას სჯის. ესენია:

  • გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი;
  • ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 525-ე მუხლი;
  • ისლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი;
  • თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლი;
  • ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლი.

თანაც ხაზს უსვამენ, რომ „[…]ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა იგივე სახის დანაშაულზე უფრო მკაცრად რეაგირებს და სისხლის სამართლის კოდექსით არეგულირებს“.

სავარაუდოდ, კანონის ავტორ-ინიციატორი გულისხმობდა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვას. თუმცა საყურადღებოა, სინამდვილეში რას ამბობს ევროპული კანონმდებლობა.

მაშ დავიწყოთ!

(რა თქმა უნდა, განმარტებით ბარათში აღნიშნული ყველა ქვეყანის სსკ-ები არ არის გაანალიზებული, რადგან გუგლმა მიმტყუნა და ვერ ვიპოვე ინგლისურად).

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 თავი დასათაურებილია შემდეგნაირად: „შეურაცხყოფა დაკავშირებული რელიგიასთან და იდეოლოგიასთან“. ხოლო 166-ე მუხლის – „რელიგიის, რელიგიური და იდეოლოგიური ასოციაციების შეურაცხყოფა (ცილისწამება)“  – (რომელიც ამავე თავში შედის) პირველი ნაწილის მიხედვით, არაუმეტეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ელის მას, ვინც საჯაროდ ან ბეჭდური (დაწერილი) მასალის გავრცელებით შეურაცხყოფს  რელიგიას ან იდეოლოგიას ისე, რომ ამან შეარყიოს საზოგადოებრივი მშვიდობა. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იგივე სასჯელი ელის ვინც შეურაცხყოფს ეკლესიას, სხვა რელიგიურ თუ იდეოლოგიურ ასოციაციებს გერმანიაში.

ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის  მე-2 თავის („უფლებების უზურპირება“) მე-2 ქვეთავი – „დანაშაული სინდისის თავისუფლების, რელიგიური გრძნობებისა და მიცვალებულთა პატივისცემის წინააღმდეგ“ –  შეიცავს 525-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი, რომელიც რელიგიური კონფესიის წევრთა გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით, საჯაროდ – ვერბალურად ანდა ბეჭდური საშუალებებით – დაამცირებს მათ დოგმებს, რწმენას, რიტუალებს ან ცერემონიებს, საჯაროდ შეურაცხყოფას მიაყენებს მათ, ვინც აღიარებს და მისდევს [დოგმებს, რიტუალებს, ცერემონიებს], დაისჯება რვიდან თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთით.  ხოლო მეორე ნაწილი იმავე ქმედებისთვის, იმავე სასჯელს აწესებს თუ ქმედება იმათ მიმართა ჩადენილი, ვინც არ აღიარებს რელიგიას ანდა რწმენას.

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 თავი – „საზოგადოებრივი მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ – შეიცავს 216-ე მუხლს, სათაურით, „ადამიანთა პროვოცირება, რომელიც იწვევს შურისძიებასა და მტრობას“. თვითონ მუხლი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

  • „თუ რომელიმე პირი ღიად გაუკეთებს პროვოცირებას ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ეკუთვნის განსხვავებულ სოციალურ კლასს, რელიგიას, რასას, სექტას, ანდა არის განსხვავებული წარმოშობის, რაც აღძრავს სხვა ჯგუფების მიმართ შურისძიებისა და მტრობის სურვილს, დაისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ მისი ქმედება საფრთხეში აგდებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
  • ნებისმიერი პირი, რომელიც ამცირებს სხვა პიროვნებას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკუთვნის სხვა სოციალურ კლასს, რელიგიას, რასას, სექტას, ანდა არის განსხვავებული წარმოშობის, ისჯება ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
  • თუ რომელიმე პირი ღიად გამოხატავს უპატივცემულობას ჯგუფის რელიგიური რწმენის მიმართ, დაისჯება ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ მისი ქმედება შეიცავს პოტენციურ საფრთხეს საზოგადოებრივი მშვიდობისთვის“.

ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 თავის – „ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ – მე-10 მუხლი (სექცია) ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

„პიროვნება, რომელიც საკუთარ აზრსა თუ სხვა გზავნილებს (მესიჯებს) ხდის საჯაროდ, ან ავრცელებს საზოგადოებაში, ანდა შესაძლებელს ხდის, რომ იყოს საზოგადოდ გავრცელებული, ხოლო მისი აზრის გამოხატვა საფრთხეს უქმნის, შეურაცხყოფს, ანდა ცილს სწამებს გარკვეულ ჯგუფს რასის, კანის ფერის, დაბადების სტატუსის, ეროვნების ანდა ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ანდა სპეციალური საჭიროების აუცილებლობის და მსგავს საფუძველზე, მსჯავრი დაედოს ეთნიკურ აგიტაციაში და მიესაჯოს ჯარიმის გადახდა ანდა თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს ორი წლისა“.

 

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ არის ინიცირებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 1661-მუხლი:

  • რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
  • რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ეს მუხლი იქნება მე-13 თავის – „საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები – შემადგენელი ნაწილი იქნება  (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითონ 166-ე მუხლი ეხება წვრილმან ხულიგნობას, რომელიც ჯარიმდება 100 ლარის ოდენობით).

თუ გადავხედავთ ევროპულ გამოცდილებას, შევამჩნევთ რომ განმარტებითი ბარათის მტკიცება, თითქოსდა მსგავსი ქმედება მკაცრად ისჯება ევროპულ ქვეყნებში, დემაგოგიაა და სხვა არაფერი, ანდა ფაქტ-ჩეკის გადამოწმების შემთხვევაში გამოვიდოდა „მეტწილად მცდარი“.

პირველ რიგში გერმანიის სსკ-ის 166-ე მუხლი ეხება რელიგიის, რელიგიური და იდეოლოგიური ასოციაციების, ასევე ეკლესიის შეურაცხყოფას. ესპანეთის სსკ-ის 525-ე მუხლი ეხება არა გრძნობების, არამედ რიტუალების, ცერემონიების, დოგმების დამცირებას, ასევე სასულიერო პირების შეურაცხყოფასა და იმათ შეურაცხყოფას, რომლებიც საერთოდ არ აღიარებს რელიგიას; ეს ქმედება კი გამიზნული უნდა იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, ანუ ესპანური კანონმდებლობა ადგენს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. თურქეთის სსკ-ის 216-ე მუხლის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა და საუბრობს ადამიანის განზრახ პროვოცირებაზე, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას; ამასთანავე, გარდა რელიგიისა კოდექსში აღნიშნულია რასის, სექტის, სოციალური კლასისა და განსხვავებული წარმოშობისადმი მიკუთვნებულობა. ფინური კანონმდებლობა უფრო შორს მიდის და ის კრძალავს ქმედებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფს უქმნის საფრთხეს, ცილს სწამებს თუ შეურაცხყოფს რელიგიის, წარმოშობის, რასის (კანის ფერის), სექსუალური ორიენტაციის და სხვ. საფუძველზე.

თუ გავაანალიზებთ მოცემულ მასალას, მივხვდებით, რომ ევროპული (მათ შორის თურქული) კანონმდებლობის მიზანი არა მორწმუნეთა გრძნობების, არამედ ინდივიდის და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ასევე აღსანიშნავია, რომ რელიგიური გრძნობები, საკულტო ნაგებობებისა წაბილწვა თუ სასულიერო პირების შეურაცხყოფა არ არის განცალკევებით განხილული, არამედ კონტექსტუალურად სხვა „მაიდენტიფიცირებლ“ ელემენტებთან ერთად, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, რასა, კანის ფერი, სექტა, სოციალური კლასი, წარმოშობა (ეროვნული თუ ეთნიკური), რელიგიისადმი მიუკუთვნებულობა. გერმანული კანონი კი რელიგიურ ასოციაციებს, საერთოდ იდეოლოგიურ ასოციაციებთან აიგივებს.

P.S. ისლანდიამ 2015 წელს საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო 125-ე მუხლი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website at WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: