თითქოს სიზმრებს დავუზავდი და ვფიქრობდი, ეს მე მარგებს,
თითქოს გრძნობებს გავექეცი, ათასგვარს და მრავალ ქარგებს.
სიზმრად ვნახე ისევ რაღაც, ისევ შიგნით ვიწვი მწარედ,
სულმა კარი გააღო და ცეცხლის ტალღებს ისვრის, მთვარედ
მსურდა ზმანად გადაქცევა, გავუფანტო გულმდუღარედ
ღამის მარქვალას ვინც შესცქერს, დავუამო ცრემლნი ცხარედ
დამდინარი მის სახეზე, ვინც რომ ტირის, ვაჰ, მწუხარედ.
თითქოს სიზმრებს დავუზავდი, ღამე მექცა მშვიდ სავანედ,
თუმც ტყუილად ვოცნებობდი, ცა დამცინის, ეჰ, მრისხანედ.
ყოველ ღამე როცა მთვარე ამოდის და მეტყვის: „მალე,
გადაეშვი ბანდილებში, შეიცანი ყოვლის მხარე“.
მივადექი მხარეს სადაც, დის მდინარე მოჩხრიალე,
მის წყალს დალევ გავიწყდება რაც გადაგხდეს ავი, მწარე.
გავიფიქრე, დავლევ, მაგრამ მინდა ვიგრძნო სუნთქვის ძალა,
ვიგრძნო, მინდა ყველა გრძნობა, რაც ცამ გახსნა და რაც მალა.