ერთი თვის წინ გამოქვეყნდა სტატია „დაე, „დისნეის“ ძალა იყოს ჩვენთან“, რომლითაც გვაუწყეს, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება დადო „დისნეისთან“ და „დისნეის“ საუკეთესო პროდუქცია არხის საეთერო ბადეში დაიდებს ბინას“. თუმცა ამ ყველაფერს აქვს პირობაც, კერძოდ, უნდა მოხდეს „ფილმების უმაღლესი ხარისხით დუბლირება“.
„იუთუბს“ თუ გადახედავთ, გულშემატკივრების მიერ განთავსებული ვიდეოებს იპოვით, რომელშიც „დისნეისა“ პერსონაჟები მრავალ ენაზე მღერიან თუ მეტყველებენ. ვერც ერთ ვიდეოში ვერ ნახავთ ქართულ ვერსიას.
საცნობაროა ის გარემოებაც, რომ გმირები მღერიან ისეთ ენებზე, როგორიცაა ყაზახური და ისლანდიური. ეს საყურადღებოა, რადგან ისლანდიურზე დაახლოებით 315 ათასი ადამიანი საუბრობს, ხოლო ყაზახეთში რუსულად უფრო მეტყველებენ, ვიდრე მათ ნაციონალურ ენაზე.
რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შესანიშნავი საქმისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან თითქმის 30 წელი გავიდა და ქართული ენის პატივისცემას ვერ შევეჩვიეთ. ვერ გავითავისეთ ის, რომ ინსპირაცია „ძერსკად“ და „სვეცკად“ კი ჟღერს, მაგრამ მას ქართული შესატყვისი აქვს. ისიც ვერ გავითავისეთ, რომ სამეცნიერო ტექსტების თარგმნისას თუ გამოვიგონებთ ქართულ სიტყვებს ცუდი არ იქნება, როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნეში და დღეს ყველა ვიყენებთ: წრფივს, სამკუთხედს, ბლაგვს, განტოლებას, ნაჯერ და უჯერ ხსნარს და ა.შ.
ბოლოსთვის ვიტყვი, რომ თუ საქართველოს მოქალაქეს საკუთარი სახელმწიფო ენის პატივისცემა არ გააჩნია, მას ვერც ქვეყნის პატივისცემა ექნება, რაც არ უნდა „ძერსკი“ და „სვეცკი“ იყოს საკუთარ გარემოცვაში და სიტყვები „ენა, მამული, …“ იქნება „სლენგი, კოლონია, …“.