ევროპული კანონმდებლობა vs. მორწმუნეთა გრძნობები

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების და დამატების შესახებ”, რომელიც „მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფისგან დაიცავს“.

კანონის პროექტის ავტორი გახლავთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი, ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი.

მეტად საინტერესო განმარტებითი ბარათი აქვს კანონპროექტს, სადაც „დაწვრილებითაა“ აღწერილი (მცირეოდენი გრამატიკული შეცდომ(ებ)ით) კანონის მიღების საფუძველი. განმარტებითი ბარათი ამბობს, რომ კანონი მისაღებია, რადგან „[…]ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ…“, „[…]ინტერნეტ სივრცეში (სოციალურ ქსელში) შექმნილია რამოდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა…“, „[…]ხოლო სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები. რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე“.

(NB. ცილი რომ არ დამწამონ გაყალბებაში, ავღნიშნავ, ბრჭყალებში მოცემული წინადადებები დედანიდან სიტყვასიტყვითაა გადმოწერილი).

საოცრად აწყობილ მოხსენებით ბარათში, Mr. EBRD-სა და ბ-ნ ტომარაძეს  მოხმობილი აქვთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსების მუხლები, რომელიც მსგავს ქმედებას სჯის. ესენია:

  • გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი;
  • ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 525-ე მუხლი;
  • ისლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი;
  • თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 216-ე მუხლი;
  • ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლი.

თანაც ხაზს უსვამენ, რომ „[…]ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა იგივე სახის დანაშაულზე უფრო მკაცრად რეაგირებს და სისხლის სამართლის კოდექსით არეგულირებს“.

სავარაუდოდ, კანონის ავტორ-ინიციატორი გულისხმობდა მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისგან დაცვას. თუმცა საყურადღებოა, სინამდვილეში რას ამბობს ევროპული კანონმდებლობა.

მაშ დავიწყოთ!

(რა თქმა უნდა, განმარტებით ბარათში აღნიშნული ყველა ქვეყანის სსკ-ები არ არის გაანალიზებული, რადგან გუგლმა მიმტყუნა და ვერ ვიპოვე ინგლისურად).

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 თავი დასათაურებილია შემდეგნაირად: „შეურაცხყოფა დაკავშირებული რელიგიასთან და იდეოლოგიასთან“. ხოლო 166-ე მუხლის – „რელიგიის, რელიგიური და იდეოლოგიური ასოციაციების შეურაცხყოფა (ცილისწამება)“  – (რომელიც ამავე თავში შედის) პირველი ნაწილის მიხედვით, არაუმეტეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა ელის მას, ვინც საჯაროდ ან ბეჭდური (დაწერილი) მასალის გავრცელებით შეურაცხყოფს  რელიგიას ან იდეოლოგიას ისე, რომ ამან შეარყიოს საზოგადოებრივი მშვიდობა. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იგივე სასჯელი ელის ვინც შეურაცხყოფს ეკლესიას, სხვა რელიგიურ თუ იდეოლოგიურ ასოციაციებს გერმანიაში.

ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის  მე-2 თავის („უფლებების უზურპირება“) მე-2 ქვეთავი – „დანაშაული სინდისის თავისუფლების, რელიგიური გრძნობებისა და მიცვალებულთა პატივისცემის წინააღმდეგ“ –  შეიცავს 525-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერი, რომელიც რელიგიური კონფესიის წევრთა გრძნობების შეურაცხყოფის მიზნით, საჯაროდ – ვერბალურად ანდა ბეჭდური საშუალებებით – დაამცირებს მათ დოგმებს, რწმენას, რიტუალებს ან ცერემონიებს, საჯაროდ შეურაცხყოფას მიაყენებს მათ, ვინც აღიარებს და მისდევს [დოგმებს, რიტუალებს, ცერემონიებს], დაისჯება რვიდან თვრამეტ თვემდე თავისუფლების აღკვეთით.  ხოლო მეორე ნაწილი იმავე ქმედებისთვის, იმავე სასჯელს აწესებს თუ ქმედება იმათ მიმართა ჩადენილი, ვინც არ აღიარებს რელიგიას ანდა რწმენას.

თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 თავი – „საზოგადოებრივი მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“ – შეიცავს 216-ე მუხლს, სათაურით, „ადამიანთა პროვოცირება, რომელიც იწვევს შურისძიებასა და მტრობას“. თვითონ მუხლი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული:

  • „თუ რომელიმე პირი ღიად გაუკეთებს პროვოცირებას ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ეკუთვნის განსხვავებულ სოციალურ კლასს, რელიგიას, რასას, სექტას, ანდა არის განსხვავებული წარმოშობის, რაც აღძრავს სხვა ჯგუფების მიმართ შურისძიებისა და მტრობის სურვილს, დაისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ მისი ქმედება საფრთხეში აგდებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
  • ნებისმიერი პირი, რომელიც ამცირებს სხვა პიროვნებას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ეკუთვნის სხვა სოციალურ კლასს, რელიგიას, რასას, სექტას, ანდა არის განსხვავებული წარმოშობის, ისჯება ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
  • თუ რომელიმე პირი ღიად გამოხატავს უპატივცემულობას ჯგუფის რელიგიური რწმენის მიმართ, დაისჯება ექვსი თვიდან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თუ მისი ქმედება შეიცავს პოტენციურ საფრთხეს საზოგადოებრივი მშვიდობისთვის“.

ფინეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 თავის – „ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“ – მე-10 მუხლი (სექცია) ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად:

„პიროვნება, რომელიც საკუთარ აზრსა თუ სხვა გზავნილებს (მესიჯებს) ხდის საჯაროდ, ან ავრცელებს საზოგადოებაში, ანდა შესაძლებელს ხდის, რომ იყოს საზოგადოდ გავრცელებული, ხოლო მისი აზრის გამოხატვა საფრთხეს უქმნის, შეურაცხყოფს, ანდა ცილს სწამებს გარკვეულ ჯგუფს რასის, კანის ფერის, დაბადების სტატუსის, ეროვნების ანდა ეთნიკური წარმოშობის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ანდა სპეციალური საჭიროების აუცილებლობის და მსგავს საფუძველზე, მსჯავრი დაედოს ეთნიკურ აგიტაციაში და მიესაჯოს ჯარიმის გადახდა ანდა თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს ორი წლისა“.

 

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საინტერესოა როგორ არის ინიცირებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 1661-მუხლი:

  • რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
  • რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
  • იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ეს მუხლი იქნება მე-13 თავის – „საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები – შემადგენელი ნაწილი იქნება  (აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითონ 166-ე მუხლი ეხება წვრილმან ხულიგნობას, რომელიც ჯარიმდება 100 ლარის ოდენობით).

თუ გადავხედავთ ევროპულ გამოცდილებას, შევამჩნევთ რომ განმარტებითი ბარათის მტკიცება, თითქოსდა მსგავსი ქმედება მკაცრად ისჯება ევროპულ ქვეყნებში, დემაგოგიაა და სხვა არაფერი, ანდა ფაქტ-ჩეკის გადამოწმების შემთხვევაში გამოვიდოდა „მეტწილად მცდარი“.

პირველ რიგში გერმანიის სსკ-ის 166-ე მუხლი ეხება რელიგიის, რელიგიური და იდეოლოგიური ასოციაციების, ასევე ეკლესიის შეურაცხყოფას. ესპანეთის სსკ-ის 525-ე მუხლი ეხება არა გრძნობების, არამედ რიტუალების, ცერემონიების, დოგმების დამცირებას, ასევე სასულიერო პირების შეურაცხყოფასა და იმათ შეურაცხყოფას, რომლებიც საერთოდ არ აღიარებს რელიგიას; ეს ქმედება კი გამიზნული უნდა იყოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, ანუ ესპანური კანონმდებლობა ადგენს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. თურქეთის სსკ-ის 216-ე მუხლის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაა და საუბრობს ადამიანის განზრახ პროვოცირებაზე, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევას; ამასთანავე, გარდა რელიგიისა კოდექსში აღნიშნულია რასის, სექტის, სოციალური კლასისა და განსხვავებული წარმოშობისადმი მიკუთვნებულობა. ფინური კანონმდებლობა უფრო შორს მიდის და ის კრძალავს ქმედებას, რომელიც გარკვეულ ჯგუფს უქმნის საფრთხეს, ცილს სწამებს თუ შეურაცხყოფს რელიგიის, წარმოშობის, რასის (კანის ფერის), სექსუალური ორიენტაციის და სხვ. საფუძველზე.

თუ გავაანალიზებთ მოცემულ მასალას, მივხვდებით, რომ ევროპული (მათ შორის თურქული) კანონმდებლობის მიზანი არა მორწმუნეთა გრძნობების, არამედ ინდივიდის და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დისკრიმინაციის დაუშვებლობაა. ასევე აღსანიშნავია, რომ რელიგიური გრძნობები, საკულტო ნაგებობებისა წაბილწვა თუ სასულიერო პირების შეურაცხყოფა არ არის განცალკევებით განხილული, არამედ კონტექსტუალურად სხვა „მაიდენტიფიცირებლ“ ელემენტებთან ერთად, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, რასა, კანის ფერი, სექტა, სოციალური კლასი, წარმოშობა (ეროვნული თუ ეთნიკური), რელიგიისადმი მიუკუთვნებულობა. გერმანული კანონი კი რელიგიურ ასოციაციებს, საერთოდ იდეოლოგიურ ასოციაციებთან აიგივებს.

P.S. ისლანდიამ 2015 წელს საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღო 125-ე მუხლი.

კონსტიტუცია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და სხვა გასაჭირი

PM & President2003 წლის 23 ნოემბერს, შემოდგომის ცივ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა მრავალდღიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, კონსტიტუციის მიხედვით, პრალამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე. დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა პრეზიდენტად აირჩია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონსტიტუციის მიხედვით ჰქონდა უფრო შეზღუდული უფლებები, ვიდრე დღეს, მაგალითად, არ შეეძლო პარლამენტის დათხოვნა.

ერთ-ერთი ჩვევადქცეული გამოსვლისას, მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, პატივი უნდა სცეს ახალმა ხელისუფლებამ თამაშის იმ წესებს, რომლის მიხედვითაც მათ (ქართული ოცნების კოალიცია) არჩევნებზე გაიმარჯვეს. თამაშის წესებში, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა მოქმედი კონსტიტუცია. თუმცაღა თუ მივყვებით მოვლენების თანმიმვდევრობას ვარდების რევოლუციიდან დღემდე, მივხვდებით, რომ ბ-ნი მიხეილ სააკაშვილი უკეთესი “მწვრთნელია”, ვიდრე “მოთამაშე” – 2004 წელს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობამ აირჩია 1995 წლის კონსტიტუციის მოქმედების პირობებში და იმ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.  2004 წლის თებერვალში საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა არალეგიტიმურ პარლამენტში. კონსტიტუციის შესწორების მიხევდვით იქმნებოდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, პრეზიდენტის უფლებებმა კი (როგორც დღეს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი და მისი კოალიცია უკიჟინებს პრეზიდენტს და მისი მდივნობით შეკოწიწებულ ნაციონალურ მოძრაობას) დიქტატორული ხასიათი მიიღო, ანუ პრეზიდენტს მიეცა არჩევნებიდან 6 თვეში პარლამენტის დათხოვნის, ასევე მთავრობის დათხოვნისა (ანუ პრემიერის გათავისუფლება ნებისმიერ დროს) და ახლის  დანიშვნის უფლება პარლამენტის ნებართვის გარეშე.

“ქართული ოცნების” მთავრობა კი ცდილობს აირიდოს მოვლენების შემდეგნაირი განვითარება:

  • პრეზიდენტი რაღაცა მიზეზით ითხოვს მთავრობას;
  • პარლამენტი, ბუნებრივია, არ უმტკიცებს მის მიერ წარდგენილ პრემიერს;
  • პრეზიდენტი ითხოვს პარლამეტს და ინიშნება ახალი არჩევნები სამი თვის განმავლობაში;
  • ამავდროულად ქვეყანას, ამ სამი თვის განმავლობაში, მართავს სააკაშვილის მთავრობა, რომელსაც 5-10 პროცენტიანი ლეგიტიმაცია აქვს;

ახალ არჩევნებს თავისთავად ჩაატარებს ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მდიდარი გამოცდილება დააგროვა არჩევნების გაყალბებაში. გავიხსენებ, 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. თავისთავად, ეს ყოველივე გამოიწვევს, ხალხის დიდ უკმაყოფილებას და დესტაბილიზაციას.

თუმცა ვიდრე დაითხოვ ხალხის ნდობით აღჭურვილ მთავრობას და მიაყოლებ პარლამენტს, საჭიროა მიზეზი. ანუ მოფიქრება, თუ როგორ გაამართლოს დასავლეთის თვალში მთავრობისა და პარლამენტის დათხონა პრეზიდენტმა, მით უმეტეს, იმ პარლამენტისა, რომელმაც ხელისუფლება და მთავრობა დემოკრატიული არჩევნების გზით შეცვალა.

“მიზეზის შექმნას” ნაციონალური მოძრაობა ორი გზით ცდილობს:

  • საბოტაჟი/პროვოკაცია.
  • დემაგოგია და მცდელობა ივანიშვილის მთავრობის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფითად განწყობისა.

ფრონტი პირველი. პროვოკაცია 8 თებერვალმა აჩვენა;  გიგი უგულავა, გაღიზიანებული ხალხის მასაში შეიჭრა (რა თქმა უნდა, მთავრობის პასუხისმგებლობას ეს არ ამცირებს), ამან გამოიწვია ხალხის აგრესია მის მიმართ (გაიტყიპა თბილისის მერი). პრეზიდენტმა უარი თქვა  სახელმწიფო დაცვის სამსახურზე, მიზეზად კი დაასახელა, რომ მთავრობა კონსტიტუციური ცვლილების მხარდაჭერის სანაცვლოდ სთავაზობს დაცვას. განაწყენებული პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეზე, პრემიერ-მინისტრზე და ხალხზე (რადგან შეცდომა დაუშვა და არ აირჩია ნაც.მოძრაობა) სანდრას დაცვის იმედზეღა დარჩა.  ამავდროულად, შესაძლოა ვინმე თავზეხელაღებულმა გაბედოს და პრეზიდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს (როგორც უგულავას სცემეს). პასუხისმგებლობა, თავისთავად ეკისრება მთავრობას, რომელიც “ვერ უზრუნველყოფს პრეზიდეტის დაცვას”. ოპოზიცია, ანუ ნოსტალგიით შეპყრობილი ნაციონალური მოძრაპნა დაადანაშაულებს მთავრობას არაქმედითუნარიანობაში. გავიხსენებ ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებას, რომ 8 თებერვლის მოვლენები იყო პოლიციის უსუსურობა და ა.შ. მაშასადამე, რატომ არ უნდა დაითხოვოს პრეზიდენტმა, რომელიც ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნავს (თეორიულად) უმოქმედო და “არაკომპეტენტური” მთავრობა?!

ფრონტი მეორე: დემაგოგია და მოსახლეობის განწყობის შეცვლას.
ამ ფრონტზე იბრძვის როგორც უნიჭო დემაგოგები და სიკოფანტები, ასევე ნიჭიერი დემაგოგი სააკაშვილიც საკუთარი “საპნის ოპერებით”, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველოს რუსეთთან რაღაცას (პრეზიდენტმაც არ იცის რას);  ვბრუნდებით წარსულში –  ბათუმში ჩამქვრალია გარეგანათებები, პოლიციელები ქრთამს იღებენ, კრიმინალმა იმატა რადგან ამნისტირებულ იქნა უამრავი პატიმარი (მაგრამ ამავდროს კანონზე ხელი არ აქვს მოწერილი და, შესაბამისად, პატიმრებიც ციხეში სხედან); არ შენდება ლაზიკა; არ შენდება იუსტიციის სახლები; ხდება ოპოზიციის პოლიტიკური დევნა, თანაც ეს ივანიშვილის მითითებაა (თან ივიწყებენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” არაა); ხელებს უგრეხენ დეპუტატებს, მაგრამ ფაქტებს ვერ ასახელებენ; ყველაზე საინტერესო ბრალდებაა, რომელიც, ალბათ, უხეირო ტყუილის ისტორიაში ჩაეწერება, შრმდეგი:  წინასაარჩევნო დაპირებებს ვერ ასრულებენ. ალბათ იმიტომ, რომ ამ ბრალდებას უყენებ კოალიცისა მაშინ, როდესაც მთავრობა არაა დამტკიცებული და პარლამენტის პირველი სხდომაა;  ნაციონალები კი ითხოვენ, რომ 4 წელიწადზე გათვლილი გეგმა შესრულდეს 100 დღეში.

ნაკლებად სავარაუდოა, ხალხის განწყობა იმდენად შეიცვალოს, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მობრუნდეს. თუმცა სააკაშვილი და მისი გუნდი არასდროს დიდად არ ზრუნავდა შიდა აუდიტორიაზე, მთავარი ხომ საზღვარგარეთელი მეგობრებისა და მოკავშირეების დარწმუნებაა, საქართველოში სიტყვის თავისუფლები იზღუდება და დემოკრატია რეგრესს განიცდის.

შევეცადე ობიქტური ვყოფილიყავი. თუმცა ბუნებრივია, არ გამომივიდა.

სტუდენტები მივდივართ აქციაზე!

სოლიდარობის აქციახშირად მითქვამს: არაფერს ვაკეთებ, ჯერ-ჯერობით სტუდენტი ვარ.

ეკონომიკის ენაზე სტუდენტები არიან ადამიანური კაპიტალი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა დღეს მივხვდი, რომ ფრაზა “არაფერს ვაკეთებ” არ არის მართებული.

15:00 საათზე დაგეგმილ აქციას თსუ-ს პირველ კორპუსთან, შევუერთდი ოთხის წუთებზე,მეგობრებთან ერთად. აქტივისტები, აპარტიულები თუ პარტიულები,  ყველა ერთად, ვაპროტესტებდით ძალადობას პენიტენციალურ სისტემაში, და საერთოდაც, ვაპროტესტებდით ძალადობას. აქციის მთავარი დევიზი იყო: ” უმთავრესი ღირებულებაა – ადამიანი”.  რამდენჯერმე ითქვა გამომსვლელების მიერ, აპარტიულობისა და სოლიდარობის თაობაზე;

განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი შემთხვევა: ერთ-ერთი აქტივისტი ( “ქართული ოცნების” მაისური ეცვა) გააღიზიანდა, რადგან დაინახა “ნაციონალური მოძრაობის” მაისურით მოსული სტუდენტი, თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეზე მდგომმა ერთ-ერთმა გამომსვლელმა კი (თუ არ ვცდები “ნარინჯისფერი კლუბის” წევრი იყო) მოუწოდა ყველას განურჩევლდ შეხედულებისა, პარტიული კუთვნილებისა შეერთებოდა აქციას.

აქტივისტები გავემართეთ საზოგადოებრივი ტელევიზიისაკენ. ვსკანდირებდით, “გააშუქე, გააშუქე!”. (საზოგადოებრივი ტელევიზია ხალხის ფულით ფინანსდება, ამიტომაც ევალებათ ობიექტურად გააშუქოს მოვლენები, ჩვენ კი გვაქვს უფლება მოვთხოვოთ ეს).

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ოფისიდან სტუდენტობა დაიძრა  მოდულის შენობისაკენ. ამ დროს მე სახლში ვიყავი. დავინახეთ თუ არა მე და ჩემმა მეგობარმა სტუდენტური მსვლელობა (არ გამომიცვლია, სახლის ტანსაცმელით, გავვარდი) იმ წამსვე შევუერთდით ორივენი.  გზად დავინახე მოხუცი ტიროდა, მეგობარმა მითხრე ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილაო.
დაახლოებით ათს წუთები აკლია, ჩემი მეგობარი კი ფეისბუქზე პოსტავს, “რუსთავი 2” აქციის ორგანიზებას “ქართულ ოცნებას” აბრალებს.
დღეს, პირველად შევიგრძენი რა ძალა აქვს სტუდენტს, რა თქმა უნდა, თუ მოინდომებს.

ღამის კოშმარად ქცეული მეჩეთი

Image

მოცემულ ფოტოზე გამოსახულია მეჩეთი, რომელმაც ესოდენ დიდი დისკუსია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბათუმელებში.

ბათუმში, როგორც თბილისში, მრავალი რელიგიური ნაგებობაბაა – სინაგოგა, კათოლიკური და გრიგოლიანური, ქართული და რუსული მართმადიდებლური ეკლესიები და, რაღა თქმა უნდა მეჩეთი (ჯამე) ქუთაისის ქუჩაზე. თუმცაღა მიუხედავად ამისა იმ ფაქტმა რომ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენებულიყო ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია (მურმან დუმბაძეს კი რესპუბლიკური პარტია დაატოვებინეს).

აზიზიეს მეჩეთი, ისევე როგორც, ქობულეთის რაიონში  და ახალციხეში, რაბათის ციხეში, მეჩეთის რესტავრაცია ქართულმა მხარემ (მთავრობამ) მას შემდეგ იკისრა, რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება თურქულ მხარესთან მათ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების აღდგენა-რეკონსტრუქციისა. თუმცა ამ შეთანხმებამ ჯერ საპატრიარქო გააღიზიანა, ხოლო შემდეგ ქართული საზოგადოება.

ერთი შეხედვით უწყინარ და სამართლიან ხელშეკრულებას არ უნდა გამოეწვია ამდაგვარი რეაქცია, მაგრამ ქართული მხარის არგუმენტები თუ რატომ არ უნდა აშენდეს  ახალი მეჩეთი ბათუმში, მიუთითებს საზოგადოების მოტივაციას:

  • ის ტერიტორიები ხომ საქართველოს იყო… (ამიტომ უფლება უნდა მოგვცენ წინაპირობების გარეში აღვადგინოთ ჩვენი ძეგლები იქ, რომელიც უდაოდ მნიშვნელოვანია ქართველებისთვის, თუმცა თურქებისთვისაც ხომ მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა აქ);
  • საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და ჯამე რატომ უნდა ავაშენოთ?! (თურქეთი მუსლიმური ქვეყანაა, მაგრომ გვავიწყდება, რომ ორივე ქვეყანა სეკულარულია და არა თეისტური).
  • რატომ უნდა ავაშენოთ იმ ქვეყნის ჯამე, რომელიც სამასი წელი ბატონობდა აჭარაში?! (მაჰმადიანები მხოლოდ თურქები არ არიან და მონოპოლია არ აქვთ ამ რელიგიაზე);
  • თურქებს უნდოდათ დიდი ჯამე აეგოთ საქართველოში რათა საზღვრიდან გამოჩენილიყო. (სურათს თუ დააკვირდებით, ამ შენობას სიდიდის არაფერი ეტყობა);
  • არის ერთი მეჩეთი მოქმედი და საკმარისი არაა?! (ქართველ მუსლიმებს არა აქვთ უფლება აშენდეს კიდევ ერთი მეჩეთი, მაშინ როდესაც უამრავი მართმადიდებლური ეკლესიაა აჭარაში?!);
  • რატომ უნდა აშენდეს თურქული ბატონობის სიმბოლო საქართველოში?! (მაშინ დავანგრიოთ თბილისის ის უბნები, რომლებიც რუსეთის იმპერიისა და სსრკ-ს ბატონობის პერიოდში აშენდა, დავანგრიოთ საქართველოს პარლამენტი, ფუნიკულიორი სპორტის სასახლე და ა.შ.).

ამდაგვარი არგუმენტები უსასრულოდ შეიძლება ჩამოიწეროს, რომელსაც მოეძებნება კარგი კონტრარგუმენტი გასაბათილებლად.

საქმე კი სხვა რამეშია, უბრალოდ ქართველები, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არ ვართ რელიგიურად ტორელანტურები და, საერთოდ, უმცირესობების მიმართ არ ვართ შემწყნარებლები. მართმადიდებლობა ითვლება ქართველების რელიგიად მაშინ, როცა საქართველოში ცხოვრობს არამართმადიდებელი ქართველებიც. გვინდა მივიღოთ ყველაფერი ჩვენი მხრიდან დათმობის გარეშე, რაც, ვფიქრობ, არ ბავშვურ ჭირვეულობას ჰგავს.

ავტობუსმა გამასწრო!

რამდენიმე დღის წინ, მეხუთე თუ მეექვსე მცდელობაზე, როგორც იქნა, საბოლოოდ, ჩავაბარე პრაქტიკული გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად. ალბათ, იტყვით სად სათაური და სად ეს ამბავიო, მაგრამ ცოტაც მოითმინეთ და მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. საქმე ქართველების მენტალიტეტშია, მათ ოსტატობაში აღიქვან სინამდვილე ისე როგორც მათ სურთ და არა ისე როგორც არის.
დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავაბარე თეორიული გამოცდა საპატრულოში, საინტერესო არა ეს ფაქტი, არამედ შემდეგშია: ვიდრე გამოცდაზე გავიდოდი უამრავმა ადამიანმა დამარიგა თუ ვისთან ჩამებარებია სანდროსთან თუ ერეკლესთან (სახელები პირობითია). ზოგი მირჩევდა ერეკლესთან გადი პრაქტიკულზეო, სანდრო ჩაგჭრის, ზოგი კი პირიქით მირჩევსა. სასაცილოა – ჩემი ტარების მასწავლებელიც კი რაღაც მითებს თხზავდა თუ როგორ აჭერენ გამომცდელები სპეციალურად “ცეპლენიას”, რათა ჩაიჭრან და ვერ აიღონ მომავალმა მჭღოლებმა მართვის მოწმობა.
ამ შემთხვევამდე უფრო ადრე, 2009 წელს, როცა თსუ-ში ჩავაბარე, გამოუცდელი სტუდენტი დავრეგისტრირდი “თსუ-ს ფორუმზე” კარგი ლექტორების არჩევის მიზნით და, რაღა თქმა უნდა, უმეტესწილად დავუჯერე უფროსკურსელ სტუდენტთა რჩევებს – ავიჩიე პოპულარული ლექტორები.
თუმცაღა ამ წლების განმავლობაში მივხვდი, არავის არ უნდა ენდო მხოლოდ პირად გამოცდილებას, მით უმეტეს თუ საქართველოს მოქალაქე ხარ; პირველი, პრაქტიკული გამოცდა ორივე გამომცდელთან გავიარე (ორივესთან ჩავიჭერი) და ორივენი შესანიშნავი ადამიანები აღმოჩდნენ, ნამდვილად არ უხაროდათ ვინმე თუ იჭრებოდა გამოცდაზე (ვის უხარია ერთი და იგივე იდიოტის ხუთჯერ თუ ექვსჯერ ხილვა?!), მერე მეორეც, უნივერსიტეტში ჩვეულებრივ ის ლექტორები უფრო მომწონდა ვისზეც მეუბნებოდნენ რომ ნიშანს აკლებს, სტუდენტებს აწვალებს, არ ვარგა.
ორივე ზემოთ აღწერილ სიტუაციებს საერთ ერთი აქვთ, საზოგადოებრივი წნეხი, კერძოთ პრაქტიკულზე ჩაჭრილ პირებს, სცხვენოდათ რა, ეთქვათ გამოცტზე ჩაჭრა მათი ბრალია, გამომცდელებზე რაღაც სისულეებს თხზავდნენ:
– შუა გზაში მანქანა გამიჩერა.
– ვთქი გარაჟში სექსუალურად ჩავაყენეო და გადმომსვა.
– აღმართზე ცეპლენიას აჭერდა.
და ა.შ
რაც შეეხება ლექტორებს აქაც იგივეა, ვერ მიიღეს რა მარტივად სასურველი ქულები, რადგან იოლად აღარაფერი გამოგივა ადამიანს (გამონაკლისის გარდა), ათასი მითი შეთხზეს მათზე. ასე მაგალითად, პირველ სემესტრში ინგლისურის ლექტორს მოვუგონე გათხოვდა-მეთქი და მეორე სემსეტრის ბოლოს კურსელმა მაღლივ კორპუსთან გამოცდისას მომახალა – როგორ გაგითხოვდა ლექტორიო.
ქართველებს განსაკუთრებით გამძაფრებული აქვთ “უდანაშაულობის” გრძნობა, არასდროს მათი ბრალი არ არის რამე თუ მოხდა, ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე, როგორ შეიძლება მათი ბრალი იყოს ისინი ხომ სულ უფრთო ანგელოზები არიან. ერის ეს თავისებურება, ენაზეც აისახა, ამიტომ ვამბობთ ავტობუსმა გავგასწრო და არა ავტობუსზე დამაგვიანდა.

საქართველოს მოდა

ადამიანი რის ადამიანი იქნება რაღაცა, რომ არ მოსწონდეს?!
ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ; ყოველთვის დაკვირვებულები; არგუმენტების მოძიება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არ უნდა გვიჭირდეს (რა გინ დებილობას ამბობდე); საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს და, ამავდროულად, ჩვენი აზრები მასის აზრებს უნდა ემთხვეოდეს (მაგრამ მაინც საკუთარი ჰქვია).
უეცრად, გაიფიქქრებ, მოდი მართლა კრიტიკულად შევაფასებ არსებულ ვითარებას, თავისუფლად გამოხატავ საკუთარ აზრს, იტყვი რომ ეს ასე არ უნდა იყოს – ზოგჯერ შეეწინააღმდეგები საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, რომელიც სტერეოტიპებადაა ქცეული – მაგრამ, ჰოი საოცრებავ, შენი ახლობელი – კურსელი, ჯგუფელი თუ მეგობარი – გეტყვის:
— ჩუ, ეგრე ნუ ამბობ, რას იტყვის ხალხი?!
ამის შემდეგ კი მას ისევ ეგონება, რომ თავისუფალი პიროვნებაა, საკუთარი მე გააჩნია, მისთვის არავითარი აზრი არა აქვს სხვის აზრებს და სხვა სისულელეები.
რაც შეეხება არგუმენტებს, ისინი ისეთივეა როგრც მათი აზროვნება – მასიდან ამოკრებილი, გადამუშავებული და ისევ მასაში გავრცელებული:
— იცი რა? გეობა მოდაშია ცნობილი რომ გახდე, აამიტომაა ბევრი გეი”
ანდა
— დღეს, ლიბერალიზმი იმდენად მოდაშია რომ ყველა ლიბერალია.
ამავდროულად, ვერ ამჩნევენ რომ ლიბერალთა რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე ე.წ. “კონსერვატორთა” რაოდენობა, რომლებიც, თითქოს, ჩვენს ქვეყანას გადაჯიშებისგან იცავენ, ის კი ავიწყდებათ გარეთ 21-ე საუკუნე რომ დგას და მე-7 საუკუნის დოგმეით ცხოვრება უაზრობაა.
და ბოლოს, ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ხროვა გამოვა ქუჩებში გარეთ და დემოკრატიას მოითხოვს (რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია პრეზიდენტი გადადგეს ან პარლამენტი დათხოვნილ იქნეს, ხოლო ვინ მოვა აზრი არა აქვს, ბოლოს და ბოლოს, ისევ გამოვლენ და ისევ მოითხოვენ “დემოკრატიას”), თვითონ რომ ეშინია თავისუფალი აზრისა – ვაი და, საქართველო გადაჯიშდებაო, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს…
ასე რომ საქართველოში ბევრი რამაა მოდაში, ზოგიერთები კი გულდასმით მისდევენ ამ მოდას, მაგრამ ეს არც გეები, არც ლიბერალები და არც პროგრესის მსურველები არ არიან….

უფლება წავიდე

“რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრიაო”.
თუ თითოეული ადამიანი თვლის, რომ მისი აზრი ჭეშმარიტებაა, მაშინ 6 მილიარდი ჭეშმარიტებაა დედამიწაზე; ამიტომ ვერავინ მოსთხოვს მეორეს აღიაროს სხვისი ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, თუ ერთმანეთის აზრები არ ემთხვევა.
იგივე შეიძლება ითქვას ქრისტინულ რელიგიებზეც, რამაც საქართველოში აგრესიული სახე შეიძინა და ძალადობრივი, ძალმომრეობითი გახდა.

რამდენი ფაქტითაა შესაძლებელი დაამტკიცოთ, რომ ქართველი მართლმადიდებლების ერთი ნაწილი კომუნისტური პარტიისებრ ცდილობს თავს მოგვახვიოს საკუთარი ჭეშმარიტება სხვებს, ერთი კი ავიწყდებათ, რომ ღმერთმა ადამიანებს თავისუფალი გონება და მოქმედების უნარი მისცა და არაძალდატანებით მოუწოდებს გაერთიანდნენ და აღიარონ მისი მოძღვრება.

ქრისტემ თქვა: ვისაც არ გინდათ წადითო. ამიტომ მოვუწოდებ მოძალადეებს დაიცვან ჩემი უფლება წავიდე!
ლიბერალიზმი და ქრისტიანული მოძღვრება ემთხვევა: ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს. სხვებმა კი პატივი სცენ თითეულ თავისუფალ არჩევანს და ნუ ჩათვლიან, რომ თავისუფლება არის ეშმაკი, ბოროტება, ანდა ქვეყნის გადაგვარება.