დაბრუნება

(ნაწყვეტი პოემიდან ,,ღმერთების ნადიმი”)
სიტყვა ითხოვა როქიმ, სითეთრით შუქს ირეკლავდა მისი სამოსი,
არც მხცოვანია, არც ახალგაზრდა, წვერი მეჩხერი აქვს, ვით ნათოსი.
შავ წვერს ამშვენებს შიგ ჩაქსოვილი, ძეწკვი, სამაგრი, ჯავაროქროსი,
მრავალნაკეცი გრძელი სამოსი ხვეული იყო, ვით კომბოსტოსი,
მოსულ კაცთაგან, მღვდელმსახურთაგან იყო ყველაზე იგი უმცროსი,
ილუმელ ღიმით კრებას გაჰხედა, სიტყვა წარმოთქვა, ვითა უფროსი,
დაიწყო თხრობა დასაბამიდან, ამბავი წართქვა ყველას უმსხოსი:
ზეჰის ჩამოსვლა ყველას გვსმენია, დიდია მისი, მნათის, სახელი,
სინათლე შუქზე უფრო ნათელი, იგია ჩვენივ სულთა მაშველი,
ჩვენი გონების მშობელი ღმერთი, სიტყვებით დაღლა საქმეა ნელი,
ყოველი ცოცხლის შემქმნელი მიწად, მცირე მწერია, თუ გინდა გველი,
იგია ჩვენი ცოდვის მშთანთქველი, ზნესულიერის ღმერთია მცველი,
ის დაიტანჯა, რომ კაცთა მოდგმას არ განეცადა ქვესკნელის მწველი,
ყველა ვალში ვართ იმის წინაშე, საერო იყოს და თუნდა მღვდელი.
რასაც მოგითხრობთ ამბავი არის დასაბამიდან ნათქვამი, ძველი,
ვით გადმოლახა ციდან კარიბჭე, გადმოიარა მტარვალი ველი,
ბევრი თქმა არის იმის შესახებ, გონი სჭირდება მას სათარგმნელი,
ამრავლად ჰყვებიან ზეჰის გმირობას, მტარვალი არის, თუ გინდა მშველი,
ზოგიც ღლიცინით, ზოგიც კი თინჩად, ზოგია ამბის სპეტაკი მცველი,
ზოგის მონათხრობს ზნე შერყვნილი აქვს, მათი თქმა არის, გლახ, საძაგელი,
მაგრამ არიან ჩვენს შორის კაცნი, კეთილ ამბავთა ვინც არის მთქმელი,
თუმც სარწმუნოა ის წერილობა, რაც დაგვიტოვეს, როგორც ნაწერი,
რასაც სარაჰის ყველა მცხოვრები მისდევს, თაყვანს სცემს სამეფოს ერი,
ლოცულობს მასზე, ახსენებს იმას, ყოველი კაცი და სულიერი,
სანუკვარია ეგე ამბები, საამოდ გესმის, ბირას ვით მღერი,
თუ შეასრულე ზეჰის ნათქვამი, ადამიანი ხარ კისრის მღერი.
ჩვენი სულები, მით გახრწნილ იყო, როს ჩამოვიდა მიწას ის მწერი,
თარეჰმა სცადა სიავის თესვა, იყო ბოროტის და ავის მწერი,
ადამიანთა მოდგმა კი მაშინ უგონო იყო და მეტად შტერი,
თარეჰის ნათქვამს დახარბდა ყველა, ვით მათხოვარი ქუჩად მშიერი,
გაჰყვნენ და ზეცას ომი უცხადეს, თუმცა აღმოჩნდა სხვა გონიერი,
ვინც ზეჰის სახელს, მართ, ახსენებდა, ვის ჭკუა ჰქონდა და ცნობიერი.
როს ჩამოვიდა ზეჰი მიწაზე, ბრძოლა გამართა ძმასთან ძლიერი,
თარეჰის ძალა მნათობს სჯაბნიდა, მას სჭირდებოდა სხვა მარჩიელი,
შემოიმტკიცა მან დამხმარენი, ექვსი მხედარი, ცხოველთ მმართველი,
ექვსივე იყო კაცი ძლიერი, გველეშაპები ჰყვათ ცეცხლთა მფრქვევი,
ისინი იყვნენ ჩვენი მშველელნი, დიადი ომის მითვე დამზღვევი,
ვახსენე, ზეჰმა ექვსი მხედარი შემოირგვლივა, ვით ხელს სახვევი,
ამ ექვსი კაცით თარეჰის სახე შეიქმნა უმალ ნამტირალევი.
მითმზის ლაშქარმაშავთა ბატონი ქვესკნელს ჩააგდო, არ ნაჩქარევი
იყო ეს ომი, მრავალი წელი სისხლით მოირწყა მიწა მერყევი,
ლახვამმა ცრემლი დაღვარა ბევრი, ნება მათია მეტად ურყევი,
იქ სადაც მიწა გაიხსნა შუა, შეიქმნა ცრემლით ტბა წყალსატევი,
ამბობენ, ღმერთის კვალზე ამოდის ნაზი ყვავილნი, როგორც მომრევი
ჩაგითრევს იმის კეთილი სუნი, გრძნობათ სიკეთის მით გამომწვევი,
მით ზეჰის ნათქვამს მივდიოთ, როგორც მონადირეს სურს ნანადირევი,
თორემ ცოდვები ქვესკნელში ჩაგვნთქავს, სადაც ცეცხლის მდინარის ხევი,
ვინ ვართ, კრებული მიწად მოსულნი, ღმერთების სიტყვის ვიყოთ გამრჩევი?
ყოველი უკვე ნათქვამი არის, დაწერილია და შესახვევი
წიგნსაცავებში გრაგნილად გვიდევს, სიტყვები ნაღდი, ის შესახვევი
სჯობს გამოვტოვოთ, რაც ავისაკენ მიგვიძღვის, არის ხელის დამრევი,
გავანაწყენეთ ხომლი მნათობთა, მაშ ვინ იქნება ჩვენი დამზღვევი,
როცა ამოვა თარეჰი, ბნელი ჩამოწვეს, დაგვრჩეს გლახ გასარკვევი
თუ რა წერია წმინდა წერილებს, რა დაგვიტოვა ღმერთმა ნარკვევი,
ნათელი არის ზეჰის სიტყვები ქალნი არიან, მართ, გასაწვევი,
რადგან იმათი თვალთა ლაციცი კაცთათვის არის თავბრუდამხვევი,
ზეჰს თუკი სურდა ქალი მაშველად, არ შეარჩევდა კაცებს, ნაჩვევი
ვართ იმას რაც ჩვენ დროებამ მოგვცა, კაცი სიახლეს რთულად ეჩვევი,
მით წაგიხდება გონება მშვიდი, როს დაინახო მშვენება ქალის
შეგბორკავს იგი გრძნეული ხრიკით, მოგაჯადოებს მაცდური ალი,
მით გვიჯობს, ქალი სულს მოვარიდოთ, წარწყმედს ჩვენს გრძნობებს ბინძური თვალი.
ქალის ბუნება ისეთი არის, არ დამიზრახავს შთამომავალი,
თუ ვიტყვი, იგი კაცის მონაა, მის გონს არა აქვს აქ მომავალი,
სუსტია მისი წადილი სწავლის, მცდელობა არის მით წარმავალი,
შემეცნებაში არ სრულქმნილი, გონება უქრით მათ მალიმალი,
კაცი თუ არის თვით ხერხემლი, ქალი კი არის მის ერთი მალი,
ჭეშმარიტება არის რას ვამბობ, ეგე არ არის მით დასამალი“.
ვით დაასრულა როქიმ, დადუმდა, სახით ამაყით, ბასრი ვით ხმალი.
 

ღმერთების ბჭობა

4. ღმერთების ბჭობა

,,დაე, დაიწყოს ჩვენი ღრეობა, კაცთა ბედი ხომ განსჯას ელოდა!” –
წარსდგა მაღალი თვალებლაჟვარდა, სიტყვა სათქმელად არ ელეოდა.
,,სიმართლეს ამბობ, უზენაესო”  – კვერი დაუკრა თმაგრძელმა, – ,,ჰო და,
ვამცნოთ სამყაროს უფალთა კრება, ქარი ვავლინოთ, ვით მაშინ ქროდა,
როცა მისრეთის ხელმწიფეს ჩვენთვის კადნიერების სიტყვა უკრთოდა”.

,,ქარბუქიანო, შენი ჯერია, ააშრიალე ხეები მშვიდი,
აღვიძე ზღვები, რომ იგრძნოს მიწამ ჩვენი რისხვა, აწ დღეები ფლიდი
დასრულდა, დრონი იწყება ღვთათა, აღარ გვჭირდება ლოცვანი შვიდი!” –
უზენაესმა წამ-უყო ქალღმერთს და განიძარცვა ღვთაებამ რიდი,
თმა ჰაეროვნად გადმოაფინა, ქარმა მიწაზე დაჰქროლა დიდი.

კვლავ მოიწარღვნა: წყლები აზვირთდა, ზესხმა, ზოველა მიწას დაატყდა,
ქარბუქმა შთანთქა მშვიდი საღამო, წივილი ტევრის და ხეთა ატყდა.
მრუმე მაზარა ზეცამ მოისხა, მათრახით ელვას სცემდა და ზარმა
შიშის დაჰგრემა, ადამიანებს გულში სიფხიზლის გრძნობათა ქარმა
მძლავრად დაჰქროლა, გრუხუნმა ღმერთთა ააწიოკა, შეაკრთო კაცთა
თითქოს უდრეკი სულები, ახლა თრთოდნენ, ვით ცეკვა დამფთხალთა ვაცთა.

,,საკმარისია!“ – დასჭექა მტკიცედ თვალებლაჟვარდამ და უხმო ქალღმერთს,
,,დავიწყოთ კრება, განვსაჯოთ ამ წამს, ადამიანის ბედი, თუმცა ერთს
თამამად ვიტყვი, ჩვენი ბრალია, რადგან მივეცით გონება, გვმართებს,
ვიყოთ ფრთხილები, რათა შეცდომა არ მოგვივიდეს, როგორც მოკვდავებს“, –
უზენაესის რძისფერ სახეზე, გამოისახა გულ-ნაღვლის  ფერი,
თავი ჩაქინდრა, დაღონდა ძლიერ, მაღლა შემართა მარცხენა ცერი,
წამოიმართა, ამაყი მზერა, შეავლო დამსწრე კრებულს და კვერი
დაუკრა ყველამ თანხმობის ნიშნად, მან განიდევნა ფიქრები შტერი.

„ადამიანში არის შურ-ქვინი, სიკეთის სხივი, ნათელი ღვთისა,“ –
წამოიმართა ბედნიერება, თავისი აზრი გამოთქვა, – „მთისა,
ბარის და ზღვათა ბატონნი მიწად ჩვენ ვქმენით, მათში ღვთის სული კრთისა,
არ დავივიწყოთ ჩვენი სინათლე მათ შურ-ქვინშია, ერთმანეთისა
შური და ჯავრი ზოგჯერ შეიპყრობს, თუმც სიყვარული ზეცად მნათისა
მათი სხეულის ყოველ წერტილში კიაფობს, როგორც შუქ სანათისა“.
ბედნიერება ფარფატით დაჯდა მზერა მოავლო დამსწრე მნათობებს,
ცდილობდა, ეგრძნო მათი განცდები, ვიდრე სიცრუე ღვთის სანათობებს
დაისადგურებს, შური გრძნეული სისხლისფრად დაჰფერს მნათობთ ერთობებს.

წამოიმართა წითელი ღმერთი, მკრთალად იღიმის, როგორც ცბიერი
ფარფატით ნელა მოიწევს შუას, თითქოს წყალია არა თხიერი.
სიტყვის სათქმელად შეემზადა და კისკისით წართქვა ხმის თვინიერი,
თითქოს ამბობდა სათქმელს უჩუმრად, მხოლოდ ხვდებოდა გონი ხნიერი.
„მე მოგიწოდებთ ერთ ახალშობილს, ნიჭი ვუბოძოთ საცნობიერი,
მიწიერ ღმერთებს, მიწის ღვთაებებს, შევატყობინოთ, რომ მიწიერი
არსება მალე მოევლინება, ხელთ კი ექნება მეტად ძლიერი
ძალაშინი და გრძნეული ხედვა, ჩავბეროთ სული ღვთის მაგიერი,
ბედით შევბოჭოთ მისი არსება და იგრძნოს მიწამ გრძნება ღვთიური,
კადნიერებით აღსავსე სულნი თუალეჰის ცეცხლს ჩავრგოთ, ციური
სული უბადრუკ მიწას ვავლინოთ და იყოს ჩვენი შუქი მზიური,
დაე, გვინათოს გზა სამომავლოდ, ადამიანთა მორჩილებისთვის,
ასე დავსაჯოთ კაცობრიობა, ჩვენი, მნათობთა დავიწყებისთვის!“
მშვიდად მიუჯდა საკუთარ ადგილს, დუმს  და იცქერს შორს სჯა-მხილებისთვის,
ყველა ღვთაება და ყველა ღმერთი უცქერს და მოსწონთ, თან მის შვებისთვის
არვინ ემდურის, როგორც ძველ დროში, ტყუილ სიტყვებთან დამოყვრებისთვის.

ჩაფიქრებული მძიმე თვალებით უზენაესმა ჰკითხა დანარჩენს:
„აბა, რას იტყვით, უცხო ხალისით, დავეთანხმები მე თქვენს განაჩენს,
კაცობრიობის ავ-ბოროტებამ, ზღვარი დაუდო ჩემს მოთმინებას,
მათ მიერ მათი შეცნობისათვის – მე ველოდები თქვენს განჩინებას –
დავეთანხმებით ცბიერებას თუ ქარბუქიანი მოავლენს წარღვნას,
შეწყდება გონის სიცოცხლე, აწი, კაცობრიობა მოელის დასკვნას,
ჩვენი მნათობთა განაჩენით კი კაცი მოკვდება, ან შეცვლის ქცევას,
აწ, არჩევანი ჩვენ გავაკეთოთ, აღარ მოველი აზრების რხევას!“.

წარსდგა უმრწესი ღვთაებათაგან, სული ნათელი ყველაზე მკვეთრი,
მდაბლად გამოთქვა თავისი აზრი და ასხივოსნებს, სპეტაკზე თეთრი,
სიკეთის სხივებს გადმოაფენს და ყველა ღვთაებას სინათლის კეთრი
მოეკიდება და თან მშვიდდება მნათობთ კრებული, თუ გინდ შავ-თეთრი
განცდებით ყველა შებოჭილ იყოს, სპეტაკი სულის სიტყვები ნელი,
ნაზად ნათქვამი, სიცოცხლის ხენი, დააცხრობს ფოთლებს და უშფოთველი
გრძნობებით უმალ კრებული ღმერთთა წყნარი შუქ-ჩრდილით, დაუშრობელი
უმზერენ მნათობს და მის სიტყვებში აზრი ბრძენია და უშრობელი:
„კაცთა მოდგმაა ჩვენი ხატება, ჩვენებრ განცდებით განიცდის ყველა,
ჩვენსავით უყვართ და სძულთ ჩვენსავით, ნუთუ, არ ერგოს გონებას შველა?!
ჩვენ გავაჩინეთ, ჩვენვე მივეცით აზრი და ნება, ვით ფეხშიშველა
პატარა ბავშვი რომ შეისწავლის, ეკალ-ბარდებზე რა მიეშველა,
მაშინ ჩაიცვამს ტყაპუჭებს ფეხზე, ნუთუ ჩვენც შურმა აგვამეტყველა?!
ვაცადოთ კაცთა მოდგმას განცდები და აღიზარდოს მათში ნიშნები,
მაგალითები ბოროტებისა და სიკეთისა, ასევ შიშები
მათში გააჩენს მისაბაძ ნიმუშს, აღარ გვექნება ჩვენც შენიშვნები;
კაცს თითოეულს მოეკითხება, კარგი იქნება ან თუ გინდ ავი,
ნუღა გავწირავთ კაცობრიობას, არ იმსახურებს, სულთამღუპავი
რომ მივუჩინოთ, გადავაჯიშოთ, ჩვენი ქმნილება თავისუფალი,
თავისუფლებით აღვსილი სული, ის თვითონ არის თავის უფალი!“.

„ერთს მოგახსენებთ, მნათობთ კრებულო,“ – სიტყვა ითხოვა შორს ჭვრეტის მნათმა –
„ჩემი თვალები დაბრმავებული, უფრო მეტს ხედავს, ვიდრე თქვას ათმა
ღვთაებამ, სულმა ნათელმა ზეცად, ვხედავ მომავალს ურიცხვს და მრავალს,
ჩვენი გონება თითქოს უნაკლო, მაგრამ წყეული, წინისწინათმა
სპეტაკმა ცეცხლმა თითქოს წაართვა ძალა ნათების გრძნეულ უკვდავ ალს,
ჩვენ აქ ქილიკით და დამცინავად კვლავ განვიკითხავთ კაცთა მომავალს,
ამას სჯობია, მივანდოთ შვილებს, რომ ბედისწერის ჯაჭვი გრდემლს თვითონ
დასცენ და თვითონ მათ გამოჭედონ, აკინძონ რგოლნი თვით ლითონ-ლითონ“.

სიტყვა ასრულა და მზის სხივებით იმკო  კვამლივით თვისი სხეული,
აკვირდებოდა ღმერთების ქცევას, ზოგი იწონებს სიტყვას, ჩვეული
ღვთაებრიობით წინ წარსდგა მნათი, უზენაესი, დაურხეული
სიტყვა წარმოსთქვა და განაჩენი თქვა ხმაღაღადით თვალებრწეული,
ხან მარჯვნივ ცბიერ გაიხედავდა, ხან მარცხნივ მზერით გადმორხეული.
„გადავწყვიტე, რომ ადამიანი მთავარი არის, ვით ჩვენ რჩეულნი
პასუხისგებით, ჩვენი შეცდომა, გადავჭრათ სხვა გზით, ვით თქვენეულნი
სიტყვა ნათქვამი, აზრი სპეტაკი, წრფელი სურვილნი გამორჩეულნი
საგულისხმოა, სანდოა ჩემთვის, კაცობრიობა დავსაჯოთ სხვა მხრივ,
ჩვენ გავაჩინოთ მიწას გრძნეული, რომ იყოს როგორც გადარეულნი,
გაბრაზდეს ძლიერ, რისხვამ შეიპყროს, შური იძიოს, იყოს ყველა მხრივ
მოცული ავი გრძნობებით, რათა თავს დაატეხოს მიწას ღვთაებრივ
რისხვა, რომ ავი კაცობრიობამ შეიგრძნოს ნება ღვთის სამართლებრივ.
დაე, ვაგზავნოთ ჩვენ მიწის სული, კაცის სხეულში ჩასახვისათვის
მან გაამზადოს გრძნეული ძალა. დაე, აღსრულდეს სამართლისათვის
ჩემი ნათქვამი და ჩვენი ზრახვა, იყოს ყველანი თავის თვისათვის,
მე კი არავის შევზღუდავ მიწად, თუკი მიზანი ბოლო თვისათვის
აღესრულება და კაცთა გონი გაითავისებს გაკვეთილს ზეცის,
არ დაისჯება და განმწესდება მნათი თუ კაცი  თარეჰისათვის,
თუ საბოლოო ზრახვა ზეჰისა აღესრულება, ცრემლ ათასკეცის
და სიყვარული მდუმარე მწველი ალებით, როგორც გრდემლს გადაეხლის
ურო ძლიერი, ისე ლილატი ადამინის გულს შეასკდება
მაშინ შესრულდეს ეს ჩვენი წყევლა, როცა კაცს სული ხელთ შეაკვდება“.